დიდ ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია სექტემბრის 3,5%-იდან ოქტომბერში 3,6%-მდე გაიზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე ენერგიის ფასები მოიმატა, იტყობინება The Guardian ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. მაჩვენებელი ლონდონის ფინანსური ცენტრის ეკონომისტების პროგნოზს დაემთხვა.
მონაცემებში აისახა ოქტომბრის დასაწყისში Ofgem-ის მიერ დადგენილი ენერგიის ფასის ზედა ზღვრის 4%-ით გაზრდა. პროგნოზების ავტორებმა გააფრთხილეს, რომ გაზის საბითუმო ფასების ზრდამ შესაძლოა იანვრიდან ზედა ზღვრის კიდევ ერთი, მაქსიმუმ მეოთხედით გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა საბოლოო ცვლილება ჯერ გაურკვეველია.
ზრდა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ოჯახებს დამატებით ტვირთად აწვება. გასული თვის ბიუჯეტში ფინანსთა მინისტრმა ჯონ ჰილიმ 20 მილიონი ოჯახისთვის 100 ფუნტის ოდენობის ზამთრის დახმარება გამოაცხადა, რომელიც გლობალური ეკონომიკური შეფერხებების გავლენის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.
ინგლისის ბანკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ინფლაცია პიკს 5%-თან ახლოს მიაღწევს. ნოემბრის დასაწყისში ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 3,75%-იდან 4%-მდე გაზარდა და გააფრთხილა, რომ შესაძლოა შემდგომი ზრდაც გახდეს საჭირო. The Guardian-ის თანახმად, ფინანსური ბაზრები მომავალი წლის ბოლომდე სულ მცირე ორ, თითოეულს მეოთხედი პროცენტული პუნქტით ზრდას ელიან.



